უნივერსიტეტის რექტორის უფლება მოვალეობები
ამონარიდი თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხის” დებულებიდან:
15.1. რექტორი ინიშნება უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კრების მიერ.
15.2. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელი პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო წრეებში.
15.3. უნივერსიტეტის რექტორი ამავდროულად სარგებლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებით. რისთვისაც, როგორც შპს–ს დირექტორი უფლებამოსილია საზოგადოების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, გარდა დამფუძნებელთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებისა.
15.4. რექტორი წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს ერთპიროვნულად მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე.
15.5. რექტორი მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. პასუხისმგებელია უნივერსიტეტის სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო, კომერციული საქმიანობის შედეგებზე.
15.6. რექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებელთა კრების წინაშე.
15.7. უნივერსიტეტის რექტორი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) ამყარებს საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო ურთიერთობებს;
ბ) უნივერსიტეტის მიერ დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად ქმნის და აუქმებს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო და სტრუქტურულ ერთეულებს;
გ) უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოსცემს სხვადასხვა სახის სამართლებრივ აქტებს;
დ) დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, წყვეტს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;
ე) ამტკიცებს უნივერსიტეტის დებულებას, შინაგანაწესს;
ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას;
ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებას;
თ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო კურსის პროგრამის - სილაბუსის ერთიან საუნივერსიტეტო ფორმას;
ი) სამსახურში იღებს და ანთავისუფლებს ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს.
კ)ზედამხედველობს უნივერსიტეტის თანამშრომელთა საქმიანობას და საჭიროებისამებრ იყენებს მათ მიმართ წამახალისებელ და სადამსჯელო ღონისძიებებს.
ლ) ქმნის აკადემიურ საბჭოს, ნიშნავს აკადემიური საბჭოს წევრებს ბრძანების მიღების გზით;
მ) თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომებს;
ნ)ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღების შემდეგ ამტკიცებს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის კოეფიციენტების განსაზღვრის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.
ო) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს.
პ) ახორციელებს ლექტორების მოწვევას, როგორც კონკურსის გამოცხადების გზით, ასევე მის გარეშე და აწესრიგებს მათთან შრომით ურთიერთობას.
ჟ) განკარგავს უნივერსიტეტის ფინანსებსა და ქონებას;
რ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს;
ს) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს მიმართულების ხელმძღვანელებს;
ტ) იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, ასევე სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შემცირების ან სწავლის საფასურისაგან განთავისუფლების თაობაზე.
უ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.






